თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და პარტიის სხვა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებას.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა.
„მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა იმ დებულებებზე, რაც გაწერილი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში. მაგრამ ეს ყველაფერი დღეს არის მეასეხარისხოვანი, არის მომენტი, როდესაც შენ თავზე მაღლა უნდა დადგე, შენი სამართლიანი პოზიციაც კი გვერდზე უნდა გადადო და მიიღო სწორი, სახელმწიფოებრივი პოზიცია“, – განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.
მელიას თქმით, არ შეიძლება „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობის მიცემა. ის დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია არჩევნებს ქვეყნის ბევრ ქალაქში წააგებს.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნება“ წააგებს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ბათუმში და ბევრ სხვა ქალაქში. ამომრჩეველი თავის პოზიციას 2 ოქტომბერს დააფიქსირებს და ხმას სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას მისცემს, აღნიშნა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილების თაობაზე, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შეუერთდნენ შარლ მიშელის დოკუმენტს, კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამას მორიგი „პოლიტიკური თაღლითობა“ უწოდა.
ღარიბაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პირველმა მოაწერა ხელი მიშელის დოკუმენტს, დაიწყო ვალდებულებების შესრულება „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით. უფრო მეტიც, ყოფილ მმართველ პარტიას დესტრუქციული პოზიცია ეკავა და დოკუმენტის საბოტაჟს ეწეოდა.
„ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ძალიან პოლარიზებული საზოგადოების დამშვიდება. რა მივიღეთ ხელმოწერის შემდეგ? „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ყველა იმ ვალდებულების შესრულება და ნაწილი რეფორმებისა და ვალდებულებებისა ჩვენ პირნათლად შევასრულეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტი, ვინაიდან მთავარი ხელმომწერი, ვინც უნდა ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მათ ხელი არ მოაწერეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეფორმები გაგრძელდება.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი დოკუმენტი შარლ მიშელის უშუალო მონაწილეობით იყო შედგენილი. 19 აპრილს დოკუმენტს ხელი მოაწერა პარლამენტში 2020 წლის არჩევნების შედეგად გასული ცხრა პარტიიდან ექვსმა. მაშინ დოკუმენტს არ შეუერთდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გაუქმებულად გამოაცხადა 19 აპრილის შეთანხმება და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად „ნაცმოძრაობის“ მიერ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი დაასახელა.