თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. ახალმა პოლიტიკურმა პლატფორმა „მესამე ძალამ“ თბილისის მერობის კანდიდატად თამარ კეკენაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე სერგო ჩიხლაძე დაასახელა.
კეკენაძე პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეა, ხოლო ჩიხლაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი.
სწორედ გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პლატფორმაზე შეიქმნა „მესამე ძალა“, რომელშიც გაერთიანდნენ პარტია „რეფორმერი“, „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“. „მესამე ძალა“ არჩევნებზე 1-ლი ნომრით გადის. ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია ორშაბათს გაიმართა.
„თბილისის მერობის კანდიდატი „მესამე ძალის“ მხრიდან არის თამარ კეკენაძე. თამარ კეკენაძე არის თბილისში დაბადებული და გაზრდილი, ფართო გამოცდილების მქონე პროექტების მართვის თვალსაზრისით როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ადგილობრივ არჩევნებზე კეკენაძის ძირითადი კონკურენტები იქნებიან თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე მმართველი „ქართული ოცნებიდან“, საქართველოს ექს-პრემიერი გიორგი გახარია პარტიიდან „საქართველოსთვის“, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რამდენიმე ოპოზიციური პარტიიდან, ანა ბიბილაშვილი „ლელოდან“ და ანა დოლიძე პარტიიდან „ხალხისთვის“.
მერობის კანდიდატმა არჩევნებზე გამარჯვებისთვის ამომრჩეველთა ხმების სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა – მინიმუმ 40%.
არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.