თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. მთავრობამ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკას პოზიტიური დინამიკა აქვს და ასეთ პირობებში დამატებით სესხის აღება გაუმართლებელი იქნებოდა. ასევე მნიშვნელოვანია საგარეო ვალის შემცირებაც, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ფონზე მთავრობამ გადაწყვიტა, ევროკავშირის ფინანსური დახმარების მეორე ნაწილის აღებისგან (75 მილიონი ევრო) თავი შეიკავოს. მან დაამატა, რომ ფინანსურ დახმარებაზე უარი დაკავშირებულია ასევე იმასთან, რომ ამ საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა მიიღო.
„ქვეყანა ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს საგარეო ვალი, რადგან ეს მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს ეკონომიკას. მაშინ, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს და ქვეყნის შიდა ეკონომიკური რესურსების მობილიზაციის ხარჯზე მოხდა მილიარდზე მეტი ლარის მობილიზაცია, ეკონომიკას აქვს პოზიტიური დინამიკა – ბოლო 6-7 თვეში 12%-იანი ზრდა, ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მთავრობამ აღნიშნული სესხი 150 მილიონი ევროს ოდენობით ჯერ კიდევ 2020 წელს აიღო, აქედან ნახევარი გასულ წელს გადმოირიცხა, ხოლო მეორე ნახევარის გადმორიცხვის საკითხი მიბმული იყო სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე და ეს თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო.
პრემიერის განცხადებით, დიდი ალბათობით, ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება გამომდინარე იქიდან, რომ დაწყებულია ქვეყნის საგარეო ვალის შემცირება. ღარიბაშვილის განმარტებით, ახლა საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და ახალი სესხის აღების აუცილებლობა აღარ დგას.
აღნიშნულ საკითხზე გუშინვე განცხადება გააკეთა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ჟულიენ კრამპმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, თუმცა აქვე აცხადებს, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.