თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ რეკლამისთვის 20 დღეში 2.794.718 ლარი დახარჯა, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციაში.
კერძოდ, საუბარია 2021 წლის 2–22 აგვისტოს პერიოდზე.
აქედან ყველაზე დიდი თანხა – 2.274.308 ლარი მმართველმა პარტიამ გარე რეკლამისთვის დახარჯა.
ინტერნეტ–რეკლამა „ქართულ ოცნებას“ 311.245 ლარი დაუჯდა, ხოლო რეკლამის სხვა ხარჯებმა 209.164 ლარი შეადგინა.
ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი ხარჯი რეკლამისთვის გაწია ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“. აღნიშნულ პერიოდში პარტიის ხარჯმა 79,8 ათასი ლარი შეადგინა. აქედან 76,2 ათასი ლარი გარე რეკლამისთვის გამოიყო, ინტერნეტ–რეკლამა 2,7 ათასი ლარი დაჯდა, სხვა რეკლამების ხარჯებმა კი 975 ლარი შეადგინა.
შემდეგ მოდის „ევროპული საქართველო“, რომელმაც მთლიანობაში რეკლამისთვის 51,4 ათასი ლარი დახარჯა. აქედან თანხის უმეტესი ნაწილი ინტერნეტ–რეკლამას მოხმარდა, სხვა სარეკლამო ხარჯებმა კი 415 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, აღნიშნულ პერიოდში პარტიამ რეკლამაზე დახარჯა 38,1 ათასი ლარი. აქედან ინტერნეტ–რეკლამაზე – 25,5 ათასი ლარი. დანარჩენი სარეკლამო ხარჯები 12,5 ათას ლარს შეადგენს.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებელმა“ აღნიშნულ პერიოდში რეკლამისთვის დახარჯა 9,8 ათასი ლარი. აქედან ინტერნეტ–რეკლამაზე დაიხარჯა 7,3 ათასი ლარი, დანარჩენმა ხარჯებმა კი 2,5 ათასი ლარი შეადგინა.
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ამ პერიოდში რეკლამაზე დახარჯა 4,3 ათასი ლარი. ხარჯებმა ინტერნეტ–რეკლამაზე შეადგინა 950 ლარი, დანარჩენი სახის რეკლამაზე – 3,3 ათასი ლარი.