თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისში ქუჩის მხატვრობის 70-ზე მეტი ნამუშევარი შეიქმნა და მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე საუბრისას.
მისი თქმით, ბოლო წლებში თბილისში ქუჩის მხატვრობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა და პოპულარობით სარგებლობს.
„ხელოვნების ამ მიმართულებამ დროთა განმავლობაში ვანდალური და აკრძალული მოქმედებების სტატუსს თავი მეტ-ნაკლებად დააღწია და თვითგამოხატვისა და თავისუფლების სიმბოლოდ, ამასთან, საინტერესო კულტურული ღირებულების მქონე ატრაქციად იქცა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქში ფესტივალ Tbilisi MURAL fest-ის ფარგლებში უკვე მოიხატა 15 კედელი და წელს თბილისის უბნებში კიდევ 10-მდე კედლის მოხატვაა დაგეგმილი.
„წელს დაგეგმილია კიდევ 10-მდე კედლის მოხატვა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში – ვარკეთილში, ბახტრიონზე, ვაჟა-ფშაველას გამზირის კვარტლებსა და ჩუღურეთში“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერმა ქუჩის ხელოვნების ფესტივალ „ნიკოს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ბიზნეს-კომპანიებს მიმართა, რომ სურვილის შემთხვევაში მსგავს პროექტებში ჩაერთონ, რითიც ქართველი არტისტების საქმიანობას შეუწყობენ ხელს.
თბილისში 2019 წელს ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Tbilisi MURAL fest ჩატარდა. მაშინ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ხელოვნების ისეთმა მოღვაწეებმა, როგორებიც არიან El Bocho, Case Maclaim, HRVB და სხვები.