თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ძალაში შევიდა შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიმართულია მრავალშვილიანი ოჯახების და იმ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ, ვისაც ახალშეძენილი შვილი ჰყავს.
ამ დროისათვის საქართველოს კომერციულ ბანკებში იპოთეკურ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 12,5%-ს შეადგენს.
პროგრამა ითვალისწინებს მრავალშვილიანი ან ახალშობილთა ოჯახების, მარტოხელა მშობლის/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის განმავლობაში.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ:
– ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული ერთ წლამდე შვილი;
– ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
– ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი.
კომერციული ბანკების მხრიდან იპოთეკური სესხების გაცემა მოხდება კერძო სახლის/ბინის შეძენა–მშენებლობისთვის მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში:
– იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.
– სესხის მაქსიმალური ოდენობა 200 ათასი ლარია.
– დასაშვებია, რომ შესაძენი ბინის ან კერძო სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 ათას ლარს.
პროგრამა ერთჯერადი ხასიათისაა და მიმღებ პირს მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ შეუძლია, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად.