პიარი და ქველმოქმედება — რით ამახსოვრდებათ რუსეთში სტუდენტები საქართველოდან
ცოდნის დღეს Sputnik-ი გაგაცნობთ იმ სტუდენტების ისტორიებს, რომლებიც რუსეთში სწავლობენ. ეს არის ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხვდეთ უფასოდ ნებისმიერ რუსულ უნივერსიტეტში და როგორ უნდა გაუწიოთ პოპულარიზაცია მშობლიურ კულტურას.
Sputnik1 სექტემბერს ფედერალური სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვო“ უცხოელი მოქალაქეების მიღების მორიგ კამპანიას იწყებს, რომელთაც სურთ, უფასოდ ისწავლონ რუსეთის უნივერსიტეტებში. ამჯერად სააგენტო ზრდის კვოტების რაოდენობას — 2022-2023 სასწავლო წლისთვის გამოყოფილია 23 ათასი ადგილი, რაც 5 ათასით მეტია გასულ წელთან შედარებით.
განაცხადის შეტანა უფასო სწავლებაზე 1 ნოემბრამდეა შესაძლებელი — ონლაინ რეჟიმში, ვებ-გვერდზე in-russia.com. გასულ წელს შერჩევაში 175 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველოს ჩათვლით. და სანამ ახალი მიმღები კამპანია ძლიერდება, „Sputnik–საქართველო“ გიამბობთ, როგორ ხდებიან გუშინდელი აბიტურიენტები საქართველოდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სტუდენტები რუსეთში.
დიანა პეტროსიანი: „არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ ეროვნებით, მთავარია, გიყვარდეს საქართველო“
„მე ყოველთვის მომწონდა ზუსტი მეცნიერებები, ამიტომ გადავწყვიტე ტექნიკურ სპეციალობაზე ჩაბარება, მაგრამ არ ვიცოდი, რომელი უნივერსიტეტი ამერჩია“, — ამბობს დიანა. — „და ამ დროს ჩემმა სკოლელმა ბიჭებმა, რომლებიც ჩემზე რამდენიმე წლით უფროსები იყვნენ, თქვეს, რომ რუსეთში აპირებდნენ სწავლას. ასე გავიგე „როსოტრუდნიჩესტვოს“ საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ და მეც გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო შერჩევაში“.
კვოტური ადგილების განაწილების შედეგად დიანა რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში მოხვდა. ახლა ის მეოთხე კურსზეა და სადიპლომო ნაშრომის დასაწერად ემზადება.
„ვიქნები ფიზიკოსი“, — ამბობს დიანა და იღიმის. — „არ მჯერა, რომ ეს ბოლო წელია. როდესაც პირველად ჩამოვედი მოსკოვში, ვფიქრობდი, აქაურობას როგორ მოვერგები-მეთქი. თბილისიდან რომ გადმოდიხარ აქ, რთულია თუნდაც მხოლოდ კლიმატის თვალსაზრისით. საქართველოსთან შედარებით მოსკოვში მზიანი დღეები ცოტაა და წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, როცა ყინვები დაიწყო. და მეორეც, ეს ახალი გარემოა — არავის ვიცნობდი, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი“.
თუმცა ახალი მეგობრები და მეზობლები დაეხმარნენ დიანას, სწრაფად შეჩვეოდა და შეეყვარებინა მოსკოვი. „ჩვენი უნივერსიტეტი მრავალეროვნულია. აქ 162 ქვეყნიდან ჩამოსულები სწავლობენ. ატმოსფერო ძალიან მეგობრულია. ამ მხრივ უნივერსიტეტი მახსენებს თბილისს, სადაც ასევეა ერთმანეთში გადაჯაჭვული სხვადასხვა კულტურები. ამიტომაც უფრო გამიადვილდა. პედაგოგებიც ძალიან დამეხმარნენ“, — ამბობს ის.
საქმე ისაა, რომ პირველ კურსზე დიანას პრობლემა შეექმნა განათლების სისტემების განსხვავების გამო. „დაიწყო უმაღლესი მათემატიკა და უეცრად აღმოჩნდა, რომ ჩემს თანაკურსელ რუსებს ეს უკვე გავლილი ჰქონდათ სკოლაში, — განმარტავს ის. — სამწუხაროდ, ქართულ სკოლებში უმაღლესი მათემატიკა არ ისწავლება. რა თქმა უნდა, ვღელავდი. მაგრამ მასწავლებლებმა ყველაფერი ნულიდან ამიხსნეს. ანუ მათ შექმნეს ჩვენთვის თანაბარი პირობები და ამისთვის მათი ძალიან მადლობელი ვარ“.
ამ დროს დიანა დასძენს: „თქვენ უნდა დაწეროთ მასწავლებლების შესახებ, გთხოვთ, რადგან ეს მნიშვნელოვანი მომენტია: ბევრი პედაგოგი კურსის დასრულების შემდეგაც კი განაგრძობს ჩვენთან ურთიერთობას. მაგალითად, მე, ჩემი კურსელები და პედაგოგები ერთად დავდივართ თეატრებში — ეს არის არა რაიმე სავალდებულო ღონისძიების ნაწილი, არამედ უბრალოდ ჩვენი სურვილი, დავესწროთ სპექტაკლს. როდესაც სხვა ქვეყანაში მიდიხარ სასწავლებლად, დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ განათლების ხარისხს, არამედ ადამიანურ დამოკიდებულებასაც“.
კულტურული ცხოვრება, დიანას თქმით, ეხმარება განტვირთვაში, რთული სასწავლო პროგრამისგან დასვენებაში. ლექციებისა და სემინარების დასრულების შემდეგ გოგონა უნივერსიტეტთან არსებულ თანამემამულეთა საზოგადოებაში მიდის — ქართულში ან სომხურში.
„ერთდროულად ორ თემში ვარ. რაც მე ქართულ საზოგადოებაში მომწონს, ისა, რომ იქ სხვადასხვა ეროვნების ხალხი დადის — საქართველოს მკვიდრები. და ეს სწორია: არ არის აუცილებელი, იყო ეთნიკური ქართველი, მთავარია, საქართველო გიყვარდეს. ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს ის. რეგულარულად ვაწყობთ ქართული კულტურის გამოფენებს და ვმონაწილეობთ ფესტივალში „მოსკოვმა დაგვამეგობრა“ — ქართული ცეკვებით“, — ამბობს დიანა.
მოსკოვმა მართლაც დაამეგობრა საქართველოდან ჩამოსული და სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებიო, ამბობს დიანა.
„მაგალითად, ჩვენ გვყავს მეგობრები ეკვადორიდან და სხვა შორეული ქვეყნებიდან. და თუ ყველა უცხოელი იცნობს და უყვარს ქართული სამზარეულო, ცეკვა ბევრისთვის აღმოჩენა გახდა, — იღიმება იგი. — ერთხელ, სპექტაკლის შემდეგ მითხრეს: „რა საოცარი ცეკვებია საქართველოში — ერთდროულად ემოციურიც და თავშეკავებულიც, ეს ისე ამაღლებულად გამოიყურება!“ — და მე ძალიან გამიხარდა“.
ამ ზაფხულს დიანა გახდა პროექტის „ჩემი მეგობარი უცხოელია“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც უნივერსიტეტმა ბავშვთა ბანაკ „გამარჯვების ზაფხულთან“ ერთად მოაწყო.
„ბავშვებთან მოვდივართ, ყველა თავის სამშობლოზე ლაპარაკობს. და თუ ბავშვები, ასაკის გამო, თავიდან უცხოელებს უცხოპლანეტელებად აღიქვამდნენ, ახლა უკვე ესმით, რომ სინამდვილეში ჩვენ ყველას ბევრი საერთო გვაქვს. მეჩვენება, რომ ასეთი მსოფლმხედველობა ბავშვობიდან უნდა ისწავლებოდეს — მაშინ საზოგადოებაში ნაკლებად იქნება სტერეოტიპები და მიხარია, რომ ამაში წვლილი შემაქვს“.
იულია ალიხანოვა: „ქართულ კულტურას რუსეთში პოპულარიზაციას ვუწევ“
შარშან თბილისის ერთ-ერთი სკოლის კურსდამთავრებულმა იულია ალიხანოვამ რუსეთის პლეხანოვის სახელობის ეკონომიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა.
„როდესაც შევიტყვე, რომ რუსეთში სწავლაზე კვოტა მივიღე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა“, — იხსენებს ის. — „ყველაფერი ისე ნათლად წარმომედგინა: როგორ წავიდოდი მოსკოვში, როგორ დავბინავდებოდი საერთო საცხოვრებელში, ვივლიდი ლექციებზე. და უცბად გვეუბნებიან, პანდემიის გამო პირველი სასწავლო წელი ონლაინ ჩატარდება და სახლში დარჩებითო“ .
უფროსკურსელი სტუდენტებისთვის დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლა ალბათ უფრო ადვილი იყო, რადგან უკვე იცნობდნენ ერთმანეთსაც, მასწავლებლებსაც და თავად უნივერსიტეტსაც. პირველი კურსის სტუდენტებისთვის კი ონლაინ-ლექციები თავიდან სტრესული აღმოჩნდა, ამბობს იულია.
„წარმოიდგინეთ საკუთარი თავი: არავის იცნობთ, უბრალოდ გამატებენ საერთო ჩატში. ხედავთ მხოლოდ ავატარებს“, — ამბობს ის. — „ახლა ამის გახსენება საინტერესოც კია, მაგრამ შარშან ძალიან ვწუხდი, რომ ვერ შევძლებდი თანაკურსელების კარგად გაცნობას, ვინმესთან დამეგობრებას“.
იულია ლინგვისტიკის სპეციალობაზე ჩაირიცხა. მისი თქმით, სხვა პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც უნივერსიტეტებს საშუალება მიეცათ, ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაბრუნებოდნენ. ზოგმა სტუდენტმა დაიწყო ლექციებზე დასწრება, ხოლო უცხოელები კვლავ ონლაინ სწავლობდნენ.
„ვწუხდი ჩემს ჯგუფელებზე, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ტყუილად“, — ამბობს იულია — „ონლაინ ფორმატმა კიდეც დაგვაახლოვა. ჩვენს ჯგუფში სულ რამდენიმე უცხოელია, ამიტომ დანარჩენები ცდილობდნენ ჩვენს მხარდაჭერას — ჩვენ შევქმენით ჯგუფი სოციალურ ქსელში, ყოველდღიურად ვწერდით ერთმანეთს, ხშირად გამოცდებისთვისაც ერთად ვემზადებოდით. მაგრამ ტექნიკა მაინც ტექნიკაა — ერთხელ რაღაც წყვეტა მოხდა და ვერ შევედი ონლაინ პლატფორმაზე, რომლის მეშვეობითაც ფსიქოლოგიის გამოცდა უნდა ჩამებარებინა. ბევრი ვინერვიულე. მაგრამ დეკანატში ყველაფერი გაიგეს და ხელმეორედ ჩაბარების უფლება მომცეს“.
ამ სასწავლო წელს იულია ალიხანოვა კვლავ ონლაინ-ფორმატში დაიწყებს. მაგრამ ახლა ის უკვე მორგებულია ვითარებას და დისტანციური სწავლება ხელს არ უშლის მას ქართული კულტურის აქტიურად პოპულარიზაციაში.
„წელს გერმანული ენის სწავლაც მინდა დავიწყო. მანამდე აქცენტს რუსულ და ინგლისურ ენებზე ვაკეთებდით, — ამბობს იულია. — ინგლისურის ლექციებზე ხშირად მიწევდა პრეზენტაციების გაკეთება და გადავწყვიტე, რომ მე მათ მივუძღვნიდი საქართველოს. ვისაუბრე ჩვენი ქვეყნის რეგიონებზე, ჩვეულებებზე, სამზარეულოზე. მომწონს, რომ ყველაფერი საინტერესო იყო — ბევრმა თანაკურსელმა თქვა, რომ ისინი უკვე არიან ნამყოფი საქართველოში, სხვებს კი მისი მონახულების სურვილი გაუჩნდათ და კითხვებს მისვამდნენ. შედეგად, დავწერე სამეცნიერო სტატია ქართული ტურიზმის შესახებ და ის საერთაშორისო კონფერენციაზე გაიგზავნა. ახლა ველოდები გამოქვეყნებას. და კიდევ იმას, რომ საზღვრები მალე გაიხსნება და შევძლებ თავის კიდევ მეტად წარმოჩენას“.