პროტესტი და საარჩევნო კამპანია ერთ ფლაკონში: „გირჩის“ კიდევ ერთი მიგნება

საქართველოს ყველაზე ორიგინალურმა პარტიამ გადაწყვიტა იმ მოქალაქეთა საკუთარი ტრანსპორტით გადაყვანა, ვისაც ტაქსით მგზავრობის საშუალება არ აქვს.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. პარტიამ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ორიგინალური საარჩევნო კამპანია წამოიწყო და აგიტაციის მიზნით და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გასაპროტესტებლად თბილისის ქუჩებში გაუშვა მინივენი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში პარტიისთვის მინიჭებული ნომრით იმოძრავებს.
ადგილობრივი არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება. პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ თბილისის მერის არჩევნებში მხარს უჭერს ოპოზიციის ერთი ნაწილის კანდიდატს ნიკა მელიას. ამასთან, გამარჯვების შემთხვევაში პარტიის წევრი ცოტნე კობერიძე ვიცე-მერის თანამდებობაზე დაინიშნება.
„საქმე გექნებათ ჩემთან“: გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
„მინივენზე ჩვენი საარჩევნო ნომერი დავაწერეთ და გადავიყვანთ მგზავრებს, რომლებსაც ტაქსით მგზავრობა არ შეუძლიათ. პარალელურად მანქანაში აგიტაციას ვატარებთ“, – აღნიშნა პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ეს არის ერთგვარი პროტესტიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე.
„ვაპროტესტებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვას. უამრავი მოქალაქე იმაზე მეტს ხარჯავს ამ დღეების განმავლობაში ტრანსპორტირებაზე, ვიდრე აქვს შემოსავალი. ამას აკეთებს იმის გამო, რომ სამსახური არ დაკარგოს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული აკრძალვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. შეზღუდვების გამო მოქალაქეები, რომელთაც დისტანციურად მუშაობა არ შეუძლიათ, იძულებული არიან ზაფხულის ცხელ დღეებში სამსახურში ან ფეხით იარონ, ან გაორმაგებული ფასი გადაიხადონ ტაქსით მგზავრობისას.