„ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს

28 ივლისს, ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე ორი თვით ადრე, მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელს აწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის 19 აპრილს დაიდო. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ საგანაგებო მიმართვისას დღეს განაცხადა.
მმართველმა პარტიამ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარმოადგინა
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი დოკუმენტი შარლ მიშელის უშუალო მონაწილეობით იყო შედგენილი. 19 აპრილს დოკუმენტს ხელი მოაწერა პარლამენტში 2020 წლის არჩევნების შედეგად გასული ცხრა პარტიიდან ექვსმა. მაშინ დოკუმენტს არ შეუერთდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გაუქმებულად გამოაცხადა 19 აპრილის შეთანხმება და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად „ნაცმოძრაობის“ მიერ დოკუმენტზე ხელის არმოწერა დაასახელა.
როგორც მელიამ დღეს განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს ამ დრომდე არ აწერდა ხელს მასში არსებული, მათთვის მიუღებელი პუნქტების გამო.
„არსებული უმძიმესი, სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ დავდგეთ საკუთარ მოსაზრებებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას“, - განაცხადა მელიამ.
როგორც მელიამ განაცხადა, ყველა უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რათა ხელისუფლებას არ მიეცეს ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლის საშუალება.
„საქმე გექნებათ ჩემთან“: გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
თავის დროზე 19 აპრილის შეთანხმების მიზანი ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან საპარლამენტო საქმიანობისადმი ბოიკოტის შეწყვეტა იყო. ოპოზიცია მმართველ გუნდს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. შეთანხმების ერთ–ერთი პუნქტი იყო ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 43%–ზე ნაკლებს მიიღებდა.