თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. კოსოვოს ფეხბურთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ბერნარ შალანდს მიაჩნია, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოსთან საინტერესო იქნება. ამაზე შვეიცარიელმა სპეციალისტმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომელიც Facebook-ით გადაიცემოდა.
„ჩვენთვის და საქართველოს ნაკრებისთვის ეს მარტივი ჯგუფი არ არის. ქართული გუნდის შესარჩევი მატჩები ვნახე - მან ხარისხიანი და ლამაზი ფეხბურთი ითამაშა. საკვალიფიკაციო ციკლი ორი მარცხით დავიწყეთ. ვფიქრობ, დადგა დრო, რაღაც ვაჩვენოთ. ჩვენ მართლაც გვჭირდება მაქსიმუმის გამოვლენა და საქართველოდან სამი ქულის წაღება. დამდეგი თამაშიდან საინტერესო ფეხბურთს ველოდები“, - აღნიშნა შალანდმა.
შვეიცარიელმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მატჩს მაყურებელი არ დაესწრება.
„სამწუხაროა, რომ მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. მაგრამ ვიცით, რომ ასეთ რთულ ვითარებაში სხვაგვარად არ გამოდის. COVID-შეზღუდვების დაცვა აუცილებელია“, - აღნიშნა მან.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი „В“ ჯგუფში საქართველოსა და კოსოვოს შორის 2 სექტემბერს ბათუმში გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სამი შესარჩევი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთი ქულა აქვს და ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. რაც შეეხება კოსოვოს, მან ორივე შეხვედრა წააგო და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა.