ცესკომ და 24-მა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი

ცესკოს ცნობით, დოკუმენტი ღიაა და მასზე ხელის მოწერა ყველა იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას შეუძლია, ვინც 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის იქნება რეგისტრირებული.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და 24-მა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების სამართლიან და ეთიკურ გარემოში ჩატარების მიზნით დღეს ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი, ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცესკოს ინფორმაციით, კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.
არჩევნები ზოგიერთ უბანზე შეიძლება ახალი მოდელით ჩატარდეს
კერძოდ, ხელს შეუწყობენ არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ ჩატარებას და საარჩევნო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით იქნებიან მიუკერძოებელნი, თავიანთ მოვალეობებს შეასრულებენ გამჭვირვალედ და ობიექტურად.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ არ გვექნება ისეთი ფაქტები არც ერთი და არც მეორე მხრიდან, როცა მოგვიწევს ერთმანეთს ვუსაყვედუროთ ამ პრინციპების დარღვევის გამო“, – განაცხადა ცესკოს თავმჯომარემ გიორგი კალანდარიშვილმა კოდექსზე ხელის მოწერის შემდეგ.
ცესკოს ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ქცევის (ეთიკის) კოდექსი პირველად 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავდა და მას შემდეგ ეს ტრადიცია ყველა საყოველთაო არჩევნებზე გრძელდება.
საქართველოში მეორე კოვიდ-არჩევნები გაიმართება: ვინ არის ჩატარების მომხრე და წინააღმდეგი
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.
ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 57 ადგილობრივი და 20 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან.