თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები გაიხსნა, იუწყება „პირველი არხი“.
მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება დღეიდან ავტობუსებშიც შეუძლიათ, რომლებიც ამ დროისათვის ინასარიძის ქუჩაზე, ე.წ. ხოფის ბაზრობის და „ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიებზეა განთავსებული. არსებული ინფორმაციით, ლოკაცია ყოველდღიურად შეიცვლება.
ვაქცინაციის პროცესი აჭარის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს. ბათუმში, კლინიკების გარდა, ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია ორ მოლსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვაქცინაციის ჩასატარებლად მობილური ბრიგადები სოფლებშიც დადიან. ამ დროისთვის აჭარში 146 ათასზე მეტი პირია ვაქცინირებული.
რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მოძრავი ვაქცინაციის ცენტრები მოეწყო თბილისში. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, მოძრავი ამცრელი პუნქტების მოწყობა იგეგმება რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
ამჟამად საქართველოში მოქალაქეებს არჩევნის გაკეთება შეუძლიათ Pfizer-ის და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ. ამ დროისათვის Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე დაჯავშნა შეჩერებულია მისი ახალი პარტიის მიღებამდე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 31 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.210.746 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 408.663 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 13.8%-ს შეადგენს.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.