თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ყალბი დოკუმენტის დამზადება–გასაღების ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა 350 ევროს სანაცვლოდ, შემდგომი გამოყენებისთვის საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა COVID-19-ის საწინააღდეგო Pfizer-ის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი.
გარდა არისა, სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა COVID-19-ის საწინააღდეგო Sinopharm-ის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.