სკანდალი ევროკრედიტის არ/ვერ მიღებასთან დაკავშირებით: ევროკავშირის წარმომადგენლობის ვერსია

კრედიტის მიღების პირობების შესრულების კუთხით მთავარი პრეტენზიები უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას, რაც იყო დაფიქსირებული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაში, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით გაფორმდა
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა 75 მლნ ევროს ოდენობით მაკროეკონომიკური დახმარების მიღების პირობები. საქართველო ამ დახმარებას იმ შემთხვევაშიც ვერ მიიღებდა, მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება რომც არ ყოფილიყო მიღებული, განაცხადა ბრიფინგზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჟულიენ კრამპმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს განაცხადა, რომ საქართველომ უარი თქვა ევროკავშირისგან მაკროეკონომიკური დახმარების მეორე ნაწილზე - 75 მლნ ევროს ოდენობის სესხის მიღებაზე.
საქართველომ შეიძლება უარი თქვას ევროკავშირისგან სესხის მიღებაზე
„პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროსაფინანსო დახმარების მიღების პირობა და კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ანგარიშვალდებულება და ხარისხი“, - განაცხადა კრამპმა.
მან აღნიშნა, რომ ეს თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომელიც მან 2020 წლის სექტემბერში მაკროფინანსური დახმარების პროგრამების პირობების ხელმოწერისას აიღო.
ამასთან დიპლომატმა განაცხადა, რომ კრედიტის მიღების პირობების შესრულების კუთხით მთავარი პრეტენზიები უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას, რაც ასევე იყო დაფიქსირებული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაში, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით გაფორმდა.
„განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა წარიმართა საკანონმდებლო ცვლილებების მიღების გარეშე, რაც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობისთვის“, - აღნიშნა კრამპმა.
დაუწესებს თუ არა აშშ სანქციებს საქართველოს – ფინანსთა მინისტრის კომენტარი
მისი თქმით, ასევე არ იყო მიღებული რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას.
კრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალში ევროკავშირის დახმარება საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე იქნება დამოკიდებული.
„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი კვლავ სრულად მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს, ევროკავშირი-საქართველოს დახმარების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“, - აღინიშნა კრამპმა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი- საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის.
საქართველოს პარლამენტმა 12 ივლისს მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს ცხრიდან ექვს მოსამართლეობის კანდიდატს, რამაც დასავლელი პარტნიორების მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია. კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდების ფონზე – შეეჩერებინათ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი სასამართლო რეფორმის გატარებამდე.