თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. პაციენტების გაზრდილი ნაკადის მიუხედავად, კლინიკებში კოვიდ-ინფიცირებულებისთვის ჟანგბადის მარაგი ჯერ კიდევ საკმარისია, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
„ჟანგბადის მოწოდების ინტენსივობა და მოხმარება ძალიან გაზრდილია. გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო და სხვადასხვა ქვეყნიდან მიმდინარეობს ჟანგბადის იმპორტი“, – განაცხადა გაბუნიამ.
ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ჯერჯერობით არც ერთ კლინიკაში პაციენტების ჟანგბადით მომარაგების კუთხით პრობლემები არ არის.
„ჩვენ ვთხოვთ კლინიკებს, რომ გამოიყენონ ჟანგბადის რაციონალური მოხმარების რეკომენდაციები, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს. ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც ჟანგბადის სისტემა იყო გახსნილი, იკარგებოდა ჟანგბადი ისე, რომ პაციენტი მას ვერ იყენებდა. ასეთი ტიპის ხარვეზი რომ აღმოიფხვრას, კლინიკებთან კომუნიკაცია მუდმივად გვაქვს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დღეისათვის კოვიდ-კლინიკებში მკურნალობს 7,4 ათასი პაციენტი, მათი დიდი ნაწილი – 70% ჟანგბადდამოკიდებულია.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს.
სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელებას უკავშირდება.