COVID-19 - ბოლო ცნობები

ცერცვაძე: საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება რისკებს შეიცავს

საქართველოში ახალი სასწავლო წელი, როგორც წესი, 15 სექტემბერს იწყება. თუმცა, სპეციალისტების რეკომენდაციით, შესაძლოა, ახალ სასწავლო წელს სწავლა კვლავ ონლაინ–რეჟიმში განახლდეს.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. დღევანდელი მდგომარეობით საკლასო ოთახებში სწავლის განახლება რისკებს შეიცავს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის განმარტებით, თუ ორ კვირაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება მოხდება, მაშინ მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და სწავლის დაწყების ნებართვას გასცემს.

„უკვე ორი წელია, სკოლის გარემო არ უნახავთ ბავშვებს. ონლაინ–სწავლება არა მარტო ინტელექტუალურ და გონებრივ განვითარებას უშლის ხელს, არამედ მათ ფიზიკურ განვითარებაზეც უარყოფით გავლენას ახდენს. დღევანდელი მდგომარეობით დასწრებული სწავლების დაწყება რისკებს შეიცავს. თუ მომავალ ორ კვირაში ეპიდვითარება გაუმჯობესდება, მთავრობა სკოლებში სწავლის დაწყების ნებართვას გასცემს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვიდრე დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ არ ჩამოვა და ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგ-პროფესორების 80% ვაქცინირებული არ იქნება, სკოლებსა და უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემო არ იქნება.
როგორც გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, სასკოლო გარემოში სწავლის დაწყება დამოკიდებული იქნება ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასა და დადებითობის მაჩვენებელზე. მისი თქმით, სასკოლო გარემოში სწავლის განახლება ყველაზე სასურველი მოდელია და ამ მიდგომას მხარს უჭერს როგორც გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.
COVID-19 - ბოლო ცნობები
განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში – თამარ გაბუნიას პასუხი
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.778-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 549.811-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 79 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 7.408-ს მიაღწია.