თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს ინიციატივას, რომლის თანახმად კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების გადასწორებისთვის სასჯელი უნდა გამკაცრდეს.
საუბარია ოქმში კენჭისყრის შედეგების გადასწორებაზე შესატანი ცვლილებების ამსახველი დოკუმენტის შედგენის გარეშე, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. აღნიშნული დოკუმენტი ოქმის სახით უნდა შედგეს და მას კომისიის ყველა წევრმა ხელი უნდა მოაწეროს.
ინიციატივის თანახმად, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ოქმში კენჭისყრის შედეგების თვითნებური ცვლილებისთვის ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად 1000 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, საარჩევნო კომისიების დამნაშავე წევრებს ამ თანამდებობის დაკავება 1-2 წლით აეკრძალება, ხოლო იმ კომისიების ხელმძღვანელებს, სადაც მსგავსი დარღვევა დაფიქსირდება, თანამდებობიდან მოხსნიან.
ცვლილებების ინიციატორები მმართველი პარტიის დეპუტატები არიან. მაგრამ მოასწრებს თუ არა პარლამენტი ცვლილებების მიღებას არდადეგებამდე, ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, არდადეგებების გამოცხადებამდე საშემოდგომო სესიის ფარგლებში მხოლოდ ორი პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს.