თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ხმების ელექტრონულად დათვლის ტექნოლოგიის დანერგვის საკითხს განიხილავს, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
პროექტის დანერგვის შემთხვევაში წინასწარ შერჩეულ რამდენიმე უბანზე ხმის მიცემას ამომრჩევლები შეძლებენ ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით, ხოლო კენჭისყრის შედეგები ელექტრონული დათვლის მეშვეობით, კენჭისყრის პროცედურის დასრულებისთანავე იქნება ცნობილი.
ამ მიზნის მისაღწევად ცესკო მოლაპარაკებებს აწარმოებს ერთ-ერთ წამყვან კომპანია „სმარტმატიკთან“. კომპანიის წარმომადგენლებმა ცესკოს წევრებისთვის საჩვენებელი პრეზენტაცია გამართეს და დეტალურად ახსნეს, თუ როგორ მოხდება ელექტრონული დანადგარის გამოყენება ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში.
„ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს ყოველგვარი მანიპულაციის შესაძლებლობა კენჭისყრის დღეს. ამასთან ქმნის შედეგების ძალიან მცირე დროში მიღების შესაძლებლობას, ფაქტობრივად კენჭისყრის პროცედურების დასრულებისთანავე, რამდენიმე წუთში იქნება შესაძლებელი იმ კონკრეტული უბნის შედეგების გამოცხადება. ამ დეტალური განხილვების შედეგად უახლოეს დღეებში ცესკო მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
ტექნოლოგიამ, რომლის გამოყენებასაც ცესკო 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს აპირებს, გამოცდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაიარა. მისი მეშვეობით არჩევნები სრულად ან ნაწილობრივ ტარდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, აზიის ქვეყნები.
ელექტრონული არჩევნების სისტემა კენჭისყრის ახალი სისტემაა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება და გაყალბების თავიდან აცილება.
ამ მოდელის მიხედვით საარჩევნო უბანზე მოხდება ამომრჩევლის ელექტრონული იდენტიფიკაცია, ბიულეტენებზე იქნება სპეციალური შტრიხ-კოდი და მათი შეცვლა შეუძლებელი იქნება.
ამას გარდა, ხმები კამერების წინ დაითვლება და დათვლისას ბიულეტენების სკანირება მოხდება.