თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სკოლებში, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად განახლდება, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
ქვეყნის მასშტაბით დისტანციური სწავლების რეჟიმი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე იმოქმედებს.
რაც შეეხება სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღებს, ისინი მუშაობას 4 ოქტომბრამდე არ განაახლებენ.
რა იქნება 4 ოქტომბრიდან და რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს ხელისუფლება, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გააკეთა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში და, შესაბამისად, აუდიტორიებში, ანუ დასწრებულ ფორმატში. ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი იქნება, სწავლა დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც 4 ოქტომბრის შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, მშობლებს არჩევის საშუალება ექნებათ.
„თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ მისმა შვილმა კვლავ დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს სწავლა, ჩვენ ამის საშუალებასაც მივცემთ მშობლებს. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზებული სისტემა იქნება მაქსიმალურად მოქნილი“, – განაცხადა ჩხენკელმა.