თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ქართველი მოსწავლეები უნდა დაუბრუნდნენ სკოლებს და არა დისტანციურ სწავლებას, მიიჩნევენ „იუნისეფის“ რეგიონულ წარმომადგენლობაში.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი და გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და შექმნან უსაფრთხო გარემო ვირუსის გავრცელების მინიმიზაციისთვის საჭირო ზომების მიღებით“, – ნათქვამია საქართველოში „იუნისეფის“ რეგიონული ოფისის ინფორმაციაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს ზომები მოიცავს სკოლების პერსონალისა და 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის COVID-19-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს საკლასო ოთახების უკეთესი განიავება, საჭიროებისამებრ ბავშვების მცირე კლასებად დაყოფა, ფიზიკური დისტანცირება და ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი განაცხადა, რომ ეპიდსიტუაციის დასტაბილურობამდე სასკოლო გარემოში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ანალოგიურად უყურებს ამ საკითხს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომლის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება რისკებს შეიცავს.
ინფიცირებულთა რაოდენობა თანდათან მცირდება, მაგრამ ჯერ კიდევ ოთხნიშნა რიცხვებში გამოიხატება. გარდა ამისა, ძალიან მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი - კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად ბოლო 24 საათში 78 პაციენტი გარდაიცვალა.
ახალი სასწავლო წელი ჩვეულებრივ 15 სექტემბერს იწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის სკოლის მასწავლებლების 46% უკვე აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.