ვალერი მიხაილოვი
სულ რამდენიმე კვირის წინ მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა კანონპროექტი ე.წ. გარდამავალ პერიოდზე, რომელშიც საუბარია „მომავლის ულამაზეს უკრაინაზე“, რომელიც გააკონტროლებს ყირიმს და მთელ დონბასს, უფლებების დიდი გაქანებით განაცვიფრებს ადგილობრივ მოსახლეობას და ტვინს გამოურეცხავს მას, ტერიტორიებს კი უთვალავი ძეგლითა და მემორიალით გააშენებს რუსეთზე გამარჯვების აღსანიშნავად.
ახლა მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი „უკრაინის ზოგიერთ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ორგანიზაციის ტერორისტულად აღიარებასთან დაკავშირებით“, რომელმაც, რბილად რომ ვთქვათ, უნდა გაამარტივოს ადამიანთა თითქმის ნებისმიერი ჯგუფის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება, რომელიც ოფიციალურ კიევს არ მოსწონს.
და, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კანონის მიღების შემდეგ არა მხოლოდ უკრაინის ვალდებულებები დაირღვევა მინსკის შეთანხმებების ფარგლებში, არამედ ადამიანის უფლებებიცა და ძირითადი თავისუფლებებიც, დასავლეთი ალბათ კიდევ ერთხელ დახუჭავს თვალს უკრაინის მთავრობად წოდებული თავისი კიეველი კლიენტების ესოდენ შემზარავ ქმედებებზეც კი.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში მისი მიღების აუცილებლობა გაუგებრადაა განმარტებული, რადგან ავტორებმა ვერ გაბედეს ჭეშმარიტი მიზნის მითითება — „ტერორისტული ორგანიზაციის“ იარლიყის მიკერების გამარტივება და საამისოდ კრიტერიუმების გაფართოება.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა დონეზე უკვე შვიდი წელია ცდილობენ ტერორისტული ორგანიზაციები უწოდონ დონბასისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს. თავად ომიც დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის „სოუსით შეიკმაზა“. უკრაინის ხელისუფლება ამ იდეებით საერთაშორისო დონეზეც გამოდიოდა. თუმცა მათ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას უკრაინის სასამართლოს მხრიდანაც კი ვერ მიაღწიეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ აბსურდის საერთაშორისო აღიარებაზე. თუ კანონს მიიღებენ, სიტუაცია შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს.
უპირველეს ყოვლისა, ჩნდება ტერორისტული ორგანიზაციის განმარტება ფართო ინტერპრეტაციით. ეს არის „რამდენიმე პირის (ხუთი ან მეტი) სტაბილური იერარქიული გაერთიანება, რომელიც შექმნილია ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ფუნქციების განაწილება, დადგენილია ქცევის გარკვეული წესები, რომლებიც სავალდებულოა ამ პირებისთვის ტერორისტული აქტების მომზადებისა და განხორციელების დროს“.
თითქოს ამაში არაფერია საშიში: საჭიროა დაისახოს მიზანი (ტერორისტული თავდასხმების განხორციელება), საჭიროა თავად ტერაქტები. მაგრამ მომდევნო წინადადება ყველაფერს თავდაყირა აყენებს: „ორგანიზაცია მიიჩნევა ტერორისტულად, თუ მისი მინიმუმ ერთი წევრი ან მასთან კავშირში მყოფი პირი ახორციელებს ტერორისტულ საქმიანობას იმ პირობით, რომ ეს საქმიანობა მინიმუმ ერთი ორგანიზატორის ან ლიდერის (მმართველი ორგანო) ან საბოლოო ბენეფიციარული მფლობელის ჩანაფიქრს მოიცავს“.
შედარებისთვის: ახლა ორგანიზაციის ტერორისტულად აღიარებისთვის აუცილებელია იმის დამტკიცება, რომ მისი ერთ-ერთი განყოფილება მაინც ეწევა ტერორიზმს ხელმძღვანელობის ჩართულობით. ახლა კი საუბარია არა ორგანიზაციის ცალკეულ წევრზე, არამედ ვიღაც ადამიანზე, რომელსაც მასთან რაიმე სახის კავშირი აქვს! სასამართლოს დარწმუნება იმაში, რომ გარკვეული პირი ტერორისტია, იმაზე ბევრად იოლია, ვიდრე ასეთი ფოკუსის მთელი ორგანიზაციის მიმართ ჩატარება. ამის შემდეგ ამ „ტერორისტის“ აღიარება ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში მყოფად ტექნიკის საქმეა.
შემდეგ არის განმარტება, რომ ორგანიზაციის ტერორისტულად აღიარებისთვის საკმარისია პირის დამნაშავედ ცნობა სისხლის სამართლის კოდექსის ექვსიდან ერთი მუხლით მაინც:
ტერორისტული აქტი;
ტერაქტში ჩათრევა და მისი განხორციელება;
ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდება;
ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა;
ტერაქტისთვის ხელის შეწყობა;
ტერორიზმის დაფინანსება.
როგორც ხედავთ, ექვსი მუხლიდან ხუთი არც კი ითვალისწინებს ტერორისტული აქტის ჩადენის აუცილებლობას.
ერთ-ერთი ასეთი მუხლით პირისთვის განაჩენის გამოტანისას სასამართლო, უკრაინის უშიშროების სამსახურის პატრონაჟით, აღიარებს კიდეც ტერორისტულად იმ ორგანიზაციას, რომელთანაც მას კავშირი აქვს.
ამის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება ხუთი დღის განმავლობაში გადაეცემა იმავე უშიშროების სამსახურს, რომელიც სამი დღის განმავლობაში ჩართავს ორგანიზაციას ტერორისტულების სიაში. ეს უკანასკნელი განთავსდება სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ის მოიცავს ორგანიზაციის სახელს, ინფორმაციას ხელმძღვანელებისა და ბენეფიციარის შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილების ბმულს და გამოყენებული სისხლის სამართლის ღონისძიებების ტიპს. და ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული „ვადა“ პირისთვის, არამედ ორგანიზაციის საქმიანობის აკრძალვა, მისი აქტივების კონფისკაცია და სხვ.
პრაქტიკული თვალსაზრისით, აშკარაა, რომ, მაგალითად, ლუგანსკისა და დონბასის საკონტაქტო ხაზზე ნებისმიერი შეტაკება უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ (და არაერთხელ ყოფილა) ტერორისტულ აქტად შეიძლება შეფასდეს. შემდეგ კი, სასამართლოში საქმის განხილვის აღწერილი სქემის მიხედვით, არაღიარებული რესპუბლიკა, ფაქტობრივად, ავტომატურად იქნება აღიარებული ტერორისტულად. ეს საბოლოოდ დამარხავს მინსკის შეთანხმებების განხორციელებას.
კიევის რეჟიმის „სიჯიუტის“ გათვალისწინებით, არ შეიძლება გამოირიცხოს ასეთი ფოკუსის ჩატარება რუსეთის ან მისი რომელიმე ორგანოსა თუ ორგანიზაციის წინააღმდეგ.
მაგრამ საქმე შეიძლება ამითაც არ შემოიფარგლოს. კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მომაკვდინებელი ხელკეტი პოლიტიკური ოპონენტებისა (პარტიები, ოპოზიციური მასმედია და ა.შ.) და აქტივების მქონე ადამიანების წინააღმდეგაც კი. ის ფაქტი, რომ უშიშროების სამსახურს საამისოდ პროვოკატორები არ ეყოფა, ამას უკრაინის თანამედროვე ისტორია ადასტურებს — დაწყებული არკადი ბაბჩენკოს ფსევდომკვლელობიდან, რაც დასავლელმა ლიდერებმაც კი დაიჯერეს, დამთავრებული ოლეს ბუზინისა და პაველ შერემეტის ნამდვილი მკვლელობებითა თუ ოდესაში ხალხის დაწვით.
ანუ საუბარია არა მხოლოდ „მინსკიდან“ ფაქტობრივ გასვლაზე, არამედ უკრაინაში ტოტალიტარიზმის შემდგომ გაძლიერებაზე — ნაცისტური სულით.
დიახ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ზემოთ აღწერილის მოსახდენად ეს კანონპროექტი „ვერხოვნა რადაში“ უნდა გავიდეს. სხვათა შორის, მინსკის შეთანხმებებიდან უკრაინის ფაქტობრივი გაყვანისთვის საკმარისი იქნება ორიდან თუნდაც ერთი სამთავრობო კანონპროექტის მიღება: ან „ტერორისტულისა“, ან „გარდამავალი პერიოდისა“. მაგრამ, ვფიქრობთ, გამორიცხული არც ორივეს მიღებაა, თუ ზელენსკისა და კომპანიას მათი დასავლელი პარტნიორები „თითებს არ დაამტვრევენ“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს