თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ არსებობს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში არსებული რეგულაციების, მათ შორის საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. დღევანდელი მდგომარეობით კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ რთულია.
„კლინიკები გადატვირთულია და 8.700-მდე საწოლია მობილიზებული. სექტორი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. ამდენად, ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალაშია, მაქსიმალური სიმკაცრით უნდა აღსრულდეს და დღეს მთავარი აქცენტი ამაზე კეთდება“, – განაცხადა გაბუნიამ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. 4 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ფესტივალები, კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, დაიკეტა საბავშვო გასართობი ცენტრები. კვების ობიექტები, 00:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათამდე მუშაობენ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.915-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 545.033-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 78 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 7.329-ს მიაღწია.