თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ჩვენი ექიმების და მეცნიერების პროგნოზია, რომ სიტუაცია შედარებით დასტაბილურდება და ოქტომბრიდან იქნება მშვიდი პერიოდი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის ამოცანაა – სექტემბრის ბოლომდე 2 მლნ ადამიანი იყოს აცრილი, აქედან ზოგი ერთჯერადად, ზოგი კი უკვე ორჯერადად იქნება აცრილი.
„ჩვენთვის მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის სწორედ აცრები და ყველას უნდა მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ. მილიონ ადამიანს ძალიან მალე ავცრით, ალბათ უახლოეს რამდენიმე დღეში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 545 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა – 7.329 (ბოლო24 საათში – 78).
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 30 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.164.402 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 383.454 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 13,4%. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.