თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ერთ თვეში ადგილობრივი არჩევნები გაიმართება, მაგრამ კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკის ფონზე არჩევნების გადატანის საკითხს სულ უფრო ხშირად სვამენ.
ახლა ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასიან მაჩვენებელს აჭარბებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გარდაცვალების მაჩვენებელი 70-ს აღემატება.
2020 წლისა და 2021 წლის არჩევნების წინ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლების შედარება
2020 წელი
აგვისტოში დაავადებულთა რაოდენობა - 284
ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 28 აგვისტოსთვის - 1.455
გარდაცვლილთა რაოდენობა 28 აგვისტოსთვის - 17
2021 წელი
აგვისტოში დაავადებულთა რაოდენობა - 118.291
ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 28 აგვისტოსთვის - 540.449
გარდაცვლილთა რაოდენობა 28 აგვისტოსთვის - 7.175
ეპიდემიოლოგები გამოსავალს ხედავენ სოციალურ პასუხისმგებლობასა და აცრებში. მაგრამ აგვისტოში ვაქცინაციის დაჩქარებული ტემპების მიუხედავად, დღეისათვის 1 დოზით ვაქცინირებულია 760.899 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26,6%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 361.310 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 12,7%, მაშინ როდესაც მასობრივი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად უნდა იყოს აცრილი მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 70%.
კამათი არჩევნებთან დაკავშირებით
პირველი არჩევნების გადატანის თემას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეეხო. მისი თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობა არჩევნების გადატანის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების რეალურ მიზეზს წარმოადგენს.
საქართველოს კანონმდებლობით, საგანგებო მდგომარეობა არჩევნების გადატანის ერთადერთ მიზეზს წარმოადგენს.
მაგრამ სახალხო დამცველის თვალსაზრისს ყველა პარტია არ იზიარებს. ჯერჯერობით არჩევნების გადატანას მხარს უჭერს მხოლოდ გაერთიანება „მესამე ძალა“ და მისი ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.
ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების გადატანის წინააღმდეგი არიან.
არჩევნების გადატანა არ შეიძლება, მით უმეტესს ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისია და გვყავს მთავრობა, რომელიც ებრძვის არა პანდემიას, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებს. ეს არჩევნები მთავრობის შეცვლის დასაწყისი უნდა გახდეს, განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ნიკა ობოლაძემ.
არჩევნების გადატანის წინააღმდეგ გამოდის ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება“. მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას, რომელიც არჩევნების გადატანა უნდა, დამარცხების ეშინია.
მიზანშეუწონლად მიაჩნია არჩევნების გადატანა ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
„ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა, და როგორც 2020 წელს შევძელით, დღესაც უნდა იყოს შესაძლებელი შესაბამისი ზომების მიღება, რათა საარჩევნო უბანზე ყველა უსაფრთხოების ნორმა იყოს დაცული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამავე დროს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საუბარია დღევანდელ სიტუაციაზე, როდესაც კორონავირუსის პიკი თანდათან იკლებს, ხოლო ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.
„თუმცა ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას – იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევინარჩუნებთ ტენდენციას სტაბილურობისაკენ, რაც ბოლო დღეებში შეიმჩნევა“, - განაცხადა მან.
არ განიხილავენ არჩევნების გადატანის საკითხს არც ქართველი ეპიდემიოლოგები. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, არჩევნები დაგეგმილი პროცესია უსაფრთხოების გარკვეული ზომების დაცვით, ხოლო საფრთხეს წარმოადგენს სპონტანური და დაუგეგმავი ღონისძიებები.
უსაფრთხოება არჩევნებზე
საქართველოში არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება და ცესკომ უკვე დაამტკიცა წესები, რომელიც კენჭისყრის დღეს უნდა შესრულდეს.
არჩევნებზე ამომრჩევლები და კომისიის წევრები ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ, გაიარონ დეზობარიერი და დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით. ნიღბის მოხსნა მათ ორჯერ მოუწევთ – პირადობის მოწმობის წარდგენისას და საარჩევნო კომისიის წევრის მიერ სარეგისტრაციო მონაცემების შემოწმებისას. გარდა ამისა, უბნებზე ამომრჩევლებმა უნდა დაიცვან დისტანცია და გამოიყენონ ერთჯერადი კალმები.
კომისიის წევრები და დამკვირვებლები შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან.
ყველა ზედაპირს ყოველ სამ საათში უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია.
გარდა ამისა, ცესკომ განაცხადა, რომ კენჭისყრის დღისთვის კომისიების წევრთა მაქსიმალურ ვაქცინაციას უზრუნველყოფს, რათა ვირუსის გავრცელება შემცირდეს.
რა იქნება არჩევნების შემდეგ
2020 წელს ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგ საქართველოში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა, ხოლო უკვე ნოემბერში ქვეყანაში ლოკდაუნი გამოცხადდა. მაშინ დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 3-4 ათასს აღწევდა.
მაგრამ ამაში დამნაშავე იყო არჩევნები თუ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო აქციები, სადაც მომიტინგეები არ იცავდნენ დისტანციას და არ ატარებდნენ პირბადეებს, ამას ეპიდემიოლოგები არ აკონკრეტებენ.
ისინი ასევე ვერ საუბრობენ იმაზე, თუ როგორი ეპიდვითარება იქნება ამჟამინდელი არჩევნების შემდეგაც. მაგრამ უკვე დღეისათვის საქართველოს კლინიკების საწოლფონდი პრაქტიკულად ამოწურულია და ქვეყანაში პირველი საველე ჰოსპიტლები ამოქმედდა.