კახეთში დასეტყვილი ყურძნის მიღება-გადამუშავება გრძელდება

სეტყვის შედეგად კახეთის ცალკეულ სოფლებში მოსავლის დაახლოებით 90% განადგურდა. რეგიონში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. კახეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღევანდელი მონაცემებით, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 1200 ტონამდე სეტყვით დაზიანებული ყურძენი გადაამუშავა. ყურძენი ღვინის საწარმოებს უკვე 300-მდე მევენახემ ჩააბარა.
სახელმწიფო ღვინის საწარმომ ყურძნის მიღება სტიქიიდან მეორე დღეს, 27 აგვისტოს კახეთის რეგიონის დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში სამ ლოკაციაზე დაიწყო.
კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მევენახეები ერთჯერად ფულად კომპენსაციას მიიღებენ
სააგენტოს ცნობით, სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება მევენახეებს 3 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ: 1 კგ რქაწითელს 80 თეთრად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად. გარდა ამისა, მევენახეები, რომელთაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, თითოეულ ჰექტარზე 3 ათას ლარს მიიღებენ.
26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაანადგურა და დააზიანა 4600 ჰექტარი ვენახი, საიდანაც 15-20 ათას ტონა ყურძენს ელოდებოდნენ.
წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაღალი ხარისხის ყურძნის მოსავალს ელოდება. სახელმწიფოს გეგმებშია 300 ათასამდე ტონა ყურძნის ინდუსტრიული გადამუშავება. გადამუშავების პროცესში ღვინის 250-მდე კომპანია ჩაერთვება.
საქართველოში ყურძნის ხარისხზე კონტროლი გამკაცრდა
2020 წელს დაიკრიფა და გადამუშავდა 280 ათას ტონამდე ყურძენი, რაც საქართველოს ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია. ყურძენი ჩააბარა 25 ათასზე მეტმა ფერმერმა, მათმა შემოსავალმა 310 მილიონ ლარამდე შეადგინა.
ფერმერების მხარდასაჭერად მთავრობა კვლავ დაასუბსიდირებს „რქაწითელისა“ და „მანავის მწვანის“ ჯიშის ყურძენს. სუბსიდირებაზე 100 მლნ ლარია გამოყოფილი.