თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს სამსახურში სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ, რაც უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება, ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
27 აგვისტოს მონაცემებით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა 80% ვაქცინირებულია.
აღნიშნული გადაწყვეტილება ომბუდსმენმა იმ პირთა დაცვის მიზნით მიიღო, ვისთანაც აპარატის თანამშრომლებს აქვთ ურთიერთობა.
ბრძანების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელი ვალდებულია წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კვირაში ერთხელ, საკუთარი ხარჯით აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
„გამონაკლისის სახით უნდა აღინიშნოს, რომ იმ თანამშრომლებმა, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვაქცინაზე სამედიცინო უკუჩვენება ან დროებითი უკუჩვენება აქვთ (მათ შორის, COVID-19-ით ავადობის შემდგომი პერიოდი), უნდა წარადგინონ ექიმის მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც პირდაპირ იქნება მითითება ვაქცინაციის ჩატარების შეუძლებლობის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასეთ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელს განსხვავებულ სამუშაო რეჟიმში გადაიყვანენ ანდა დროებითი უკუჩვენების პერიოდში, აპარატის ხარჯით PCR ტესტი ჩაუტარდება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის 28 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.122.209 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 361.310 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 12,7%. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასაძლევად მოზრდილი მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.