საქართველო 14 თევზსაჭერ სეინერს შეიძენს

ახალი გემებით, მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას შეძლებენ და უცხოური გემების იჯარით აღება აღარ დასჭირდებათ
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. საქართველო 14 ახალ თევზსაჭერ გემს შეისყიდის, რათა მოძველებული გემების ჩანაცვლება მოხდეს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
„თევზჭერის ინდუსტრია კიდევ ერთი ტრადიციული დარგია, რომლითაც ფოთი ცნობილია და სწორედ ამ დარგის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს 14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და დღეს არსებული მოძველებული გემების ეტაპობრივი ჩანაცვლება“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ამ პროგრამით უკვე შეიქმნა სულ მცირე ახალი 250 სამუშაო ადგილი და ქართველი მეზღვაურების ნაწილი საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მუშაობს.
დღეისათვის საქართველოს თევზსაჭერი ფლოტი მოიცავს 30 სეინერს, სადაც 500-მდე მეზღვაურია დასაქმებული.
საქართველოს აკვაკულტურის მეურნეობებმა თევზის წარმოება შეამცირეს
აღნიშნული პროექტების სესხის მოცულობა 37.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიციის რაოდენობა 38 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტების ფარგლებში სულ შეიქმნება 161 დამატებითი სამუშაო ადგილი.
ახალი გემებით, მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას შეძლებენ, რისი გაკეთება ახლა არ შეუძლიათ. ისინი ჯერჯერობით იჯარით აღებულ უცხოურ გემებზე მუშაობენ, რადგან ქართული გემები მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაში არიან.
პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით 90%-იანი უზრუნველყოფისა და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლუს 3%-იანი თანადაფინანსების შესაძლებლობას. ასევე, შესაძლებელია გემის ლიზინგი, რომლის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს პლუს 5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმი ხორციელდება.
პირველი 3 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს და ასევე, სესხის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება.