თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი და ვერცერთი კილოგრამი ყურძნის ჩაბარებას ვერ შეძლებენ, ერთჯერადი კომპენსაციის სახით 1 ჰექტარზე 3000 ლარს მიიღებენ, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, რამდენიმე ლოკაციაზე გახსნილია პუნქტები, სადაც მევენახეები დაზიანებულ 1 კგ რქაწითელს 80 თეთრად და 1კგ საფერავს 1 ლარად ჩააბარებენ.
დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა „რთველი 2021“-ის საკოორდინაციო შტაბში სეტყვით შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.
„სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულ ფერმერებს შეხვდნენ და სახელმწიფო საწარმოში „მოსავლის მართვის კომპანია“ სეტყვით დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ყველა რესურსი მობილიზებულია, იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად შეძლონ. დასეტყვილი ყურძნის მიღება თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში კომპანიის მიერ მოწყობილ ლოკაციებზე უკვე შესაძლებელია.
ასევე, დახმარება გაეწევა იმ მებაღეებს, ვისაც სტიქიამ ხე-ხილი დაუზიანა.
„ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის განადგურებული ხილის ბაღები, სადაც მომავალ წლებში რეალურად ვეღარ მოხდება მოსავლის მიღება, ჩავანაცვლოთ და სწორედ ამ მიზნით, პროგრამის „დანერგე მომავლი“ ფარგლებში, ბაღების აღდგენა მოხდება, სრული თანადაფინანსება იქნება ნერგების და თანადაფინანსება სარწყავი სისტემის“, - ნათქვამია განცხადებაში.
26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4.600 ჰექტარი ვენახი დააზიანა, საიდანაც 15-20 ათას ტონა ყურძენს ელოდებოდნენ.