მსოფლიო დღეს

აშშ-ის დაზვერვამ გამოაქვეყნა მოხსენება COVID-19-ის წარმომავლობის შესახებ

სადაზვერვო სამსახური ვარაუდობს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის აფეთქებამდე მის შესახებ არ იცოდა
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის დაზვერვამ განაცხადა, რომ კორონავირუსი არ შექმნილა როგორც ბიოლოგიური იარაღი, ნათქვამია მოხსენებაში ინფექციის წარმოშობის წყაროების შესახებ, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის მომზადდა, ამის შესახებ წერს РИА Новости.
გამოძიება 90 დღეს გაგრძელდა, დაზვერვამ რიგ საკვანძო საკითხებზე შეთანხმებას მიაღწია.
„უწყებების უმრავლესობა ასევე დაბალი დამაჯერებლობით ვარაუდობს, რომ SARS-CoV-2, სავარაუდოდ, არ შექმნილა გენური ინჟინერიის გამოყენებით“, - ნათქვამია დოკუმენტის საჯარო ნაწილში, რომელიც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მოსაზრება: შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსის პანდემიაში დამნაშავე იპოვა
ამასთან ერთად, გამოძიების მონაწილეებმა ერთიან თვალსაზრისს ვერ მიაღწიეს. კორონავირუსის წარმომავლობის ვერსიებს შორის ორი შესაძლო ვარიანტი განიხილება: „ბუნებრივი კონტაქტი ინფიცირებულ ცხოველებთან და ინციდენტი, რომელიც ლაბორატორიაში მოხდა“.
„სავარაუდოდ, COVID-19-ის წარმომავლობის საბოლოო შეფასებისთვის საჭირო გახდება ჩინეთის ხელისუფლების თანამშრომლობა. მაგრამ პეკინი კვლავ აფწრხებს გლობალურ გამოძიებას, ეწინააღმდეგება ინფორმაციის გაცვლას და ადანაშაულებს სხვა ქვეყნებს, მათ შორის აშშ-ს. ეს ქმედებები ნაწილობრივ აჩვენებს ჩინეთის მთავრობის არცოდნას იმისა, თუ რა შეიძლება მოყვეს გამოძიებას, ასევე იმედგაცრუებას იმის გამო, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ საკითხს ჩინეთზე პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს“, - ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ ბაიდენმა განაცხადა, რომ პეკინი არ მიისწრაფვის გამჭვირვალობისკენ.

„ამ პანდემიის წარმომავლობის შესახებ კრიტიკული ინფორმაცია ჩინეთში არსებობს, მაგრამ ჩინეთის მთავრობის მაღალჩინოსნები თავიდანვე მუშაობდნენ იმაზე, რომ ის მიუწვდომელი გახადონ საერთაშორისო გამოძიების მონაწილეებისა და მსოფლიო სამედიცინო საზოგადოების წევრებისათვის“, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არ დამშვიდდება“, სანამ პასუხებს არ მიიღებს.
ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ, თავის მხრივ, გააკრიტიკა ამერიკის დაზვერვის მოხსენება.
„აშშ-ის დაზვერვის მიერ შედგენილი მოხსენება მეცნიერულად არადამაჯერებელია. წარმომავლობის დადგენა - მეცნიერების საქმეა, ამას მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერები უნდა იკვლევდნენ, და არა დაზვერვის ექსპერტები“, - ნათქვამია დიპმისიის ვებგვერდზე.
ჩინეთი ასევე არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ის აფერხებს გამოძიებას, არ სურს გაუზიაროს მსოფლიო საზოგადოებას ინფორმაცია COVID-19-ის შესახებ, ნათქვამია განცხადებაში. დიპმისიაში აღნიშნეს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ აშშ-ის დაზვერვას მათთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მიაწოდა და „სრულიად ღიად და გამჭვირვალედ“ ითანამშრომლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (ჯანმო).
რა წერია ანკეტებში? აშშ ჩინეთს პანდემიამდე დაავადებულთა ჩანაწერების გამოქვეყნებას სთხოვს
ჩინური მხარის თქმით, დაზვერვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ვაშინგტონის მისწრაფებაა „იაროს პოლიტიკური მანიპულაციების მცდარი გზით“.
„მოხსენება ეყრდნობა დანაშაულის პრეზუმციას ჩინეთის მიმართ და მიზნად ისახავს მხოლოდ იმას, რომ ის განტევების ვაცად წარმოაჩინოს“, - აღნიშნეს საელჩოში.