თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. სექტემბერში იმუნიზაციის პროცესის სტიმულირების მიზნით აცრილებისთვის პერმანენტულად ლატარია გაიმართება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე.
გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინირებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ფულადი ჯილდო მოიგონ. მისი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრო უკვე მუშაობს ვაქცინირებულების ბაზების შედგენაზე.
უწყება კოვიდსაწინააღმდეგო ინექციით აცრილი მოსახლეობის წამახალისებელი ლატარიის შესახებ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას სექტემბრის დასაწყისში მიაწვდის.
ვაქცინირებული თანამშრომლებისთვის ფულად ლატარიას უკვე ათამაშებს კომპანია Energo Pro Georgia. კომპანიაში აღნიშნული გადაწყვეტილება ვაქცინაციის წახალისების მიზნით მიიღეს. Energo Pro Georgia 1,5 ათასი ლარის ათ და ერთ 5000 ლარიან ვაუჩერს ათამაშებს. ლატარია 15 ოქტომბერს დასრულდება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დღემდე საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეეძლოთ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ. დღეიდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე დაჯავშნა შეჩერებულია მისი ახალი პარტიის მიღებამდე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 27 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.095.069 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 345.315 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 12.1%-ს შეადგენს.