თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. თბილისში განთავსდება ავტობუსები, სადაც ვაქცინაციის ცენტრები გაიხსნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსება საერთაშორისო პრაქტიკაა. ავტობუსები თავდაპირველად დედაქალაქის იმ რაიონებში განთავსდება, სადაც ვაქცინაციის ხელმისაწვდომობა ყველაზე ნაკლებია.
„ევროპაში არის ძალიან ბევრი დაბრენდილი ავტობუსი, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას და ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას. გადავწყვიტეთ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო სამი ავტობუსით, კერძოდ, ვარკეთილში, გლდანსა და სადგურის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, თბილისში სულ დაგეგმილია ათი ავტობუსის ამოქმედება, სადაც მოქალაქეები ვაქცინაციის ჩატარებას უსაფრთხო გარემოში შეძლებენ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დღემდე საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეეძლოთ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ. დღეიდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე დაჯავშნა შეჩერებულია მისი ახალი პარტიის მიღებამდე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 27 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.095.069 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 345.315 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 12.1%-ს შეადგენს.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.