თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლების მოსახლეობისგან დაზიანებულ ყურძენს სამი ქარხანა ჩაიბარებს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
გუშინ ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონში რამდენიმე სოფელი დააზარალა. სტიქიამ თელავის სოფელ აკურაში ვენახების დიდი ნაწილი გაანადგურა. სეტყვის შედეგად ყურძნის მოსავლის დაახლოებით 90% განადგურებულია ყვარლის რაიონის რამდენიმე სოფელშიც.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ სტიქიის შედეგად დაზიანებულ ყურძენს ჩაიბარებს.
გარდა ამისა, ყურძენს აკურის, ყვარლის, გურჯაანის გადამამუშავებელი ქარხნები მიიღებენ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ლოკაციებიც გაიხსნება.
როგორც რთვლის შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ განაცხადა, დაზიანებული ყურძნის შესყიდვას მთლიანად სახელმწიფო უზრუნველყოფს.
„მთლიანად სამივე მუნიციპალიტეტიდან ველოდებით ოცი ათას ტონამდე ყურძენს. დასეტყვილ ყურძენზე ფასი ერთ კილოგრამზე გადაწყდა 0,50 ლარი, ხოლო საფერავზე ერთი ლარი“, – განაცხადა მეხუზლამ.
სტიქიის შედეგად კახეთში სულ 4-5 ათასი ჰექტარი ფართობი განადგურდა, საიდანაც 15-20 ათას ტონა ყურძენს ელოდებიან.