თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თბილისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევის შედეგები „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ სპეციალურ ბრიფინგზე წარმოადგინა. გამოკითხვის შედეგები ასეთია:
„ქართული ოცნება“ – 47,4%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 25,2%;
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 4,9%;
„საქართველოსთვის“ – 4,7%;
„მოქალაქეები“ – 3,2%;
„ლელო საქართველოსთვის“ – 2,4%;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1,9%;
„ევროპული საქართველო“ – 1,8%;
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1,7%;
„გირჩი“ – 1,1%;
„ლეიბორისტული პარტია“ – 0,7%;
„ერთიანი საქართველო“ – 0,7%;
სხვა პარტიები – 4,3%.
სარჯველაძის თქმით, 21–25 აგვისტოს პერიოდში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 2.958-მა რესპონდენტმა. ცდომილება +/–3%-ს შეადგენს.
„თუ საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით დასრულდება, მაშინ ბარიერს მხოლოდ ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია გადალახავს და (თბილისის საკრებულოში პროპორციული) 40 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ქართული ოცნება“ – 22 ადგილი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 12 ადგილი, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“ 2–2 მანდატი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
გარდა ამისა, მმართველი პარტიის კვლევის თანახმად, თბილისის მერობის კანდიდატების წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება:
კახა კალაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) – 60,1%
ნიკა მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 29,2%.
სხვა კანდიდატები – 10,7%.
ოპოზიციას აღნიშნული შედეგების არ სჯერა. „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო კვლევის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიცია იგებს და მმართველი პარტია ხმების 40%-საც ვერ მიიღებს.