თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. თუ სექტემბერში მილიონი აცრა ჩავატარეთ, დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზულად გავტეხთ წელში პამდემიას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სექტემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თვეა და ამ პერიოდში ყველა მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული, რათა ვაქცინაციისა და ვირუსთან ბრძოლის ტემპი არ დავარდეს.
„შემცირდა აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობაც 7 ათასით, ინფიცირების რაოდენობა დღესაც ბევრი გვაქვს, მაგრამ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა რამდენიმე დღეა აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც იმედის ნაპერწკალს იძლევა, რომ ეპიდემია შესაძლოა შეკავდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ მომდევნო ორი თვე უმნიშვნელოვანესია და ადამიანები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ.
კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 9,43 პროცენტია, ბოლო 7 დღის – 10.4 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,7 პროცენტი.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დღემდე საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეეძლოთ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ. დღეიდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე დაჯავშნა შეჩერებულია მისი ახალი პარტიის მიღებამდე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 27 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.095.069 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 345.315 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 12.1%-ს შეადგენს.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.