თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. განათლების სამინისტრო ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას განიხილავს და სწავლა, სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე.
გამყრელიძის განმარტებით, ვიდრე დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ არ ჩამოვა და ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგ-პროფესორების 80% ვაქცინირებული არ იქნება, სკოლებსა და უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემო არ იქნება.
„ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების ფონზე ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ, ამიტომ სასურველია ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგების აქტიური ვაქცინაცია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, „დელტა“ შტამი განსაკუთრებით ადვილად ვრცელდება ახალგაზრდებში, ამიტომაც აუცილებელია ვაქცინირებული იყვნენ როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ისე სტუდენტები.
საქართველოში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა პედაგოგების 40%-ს აქვს ჩატარებული.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.031-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 536.202-ს მიაღწია.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.