თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველო კორონავირუსით სიკვდილიანობის პიკზეა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბოლო კვირაში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. ანტირეკორდი ოთხშაბათს დამყარდა, როდესაც ვირუსის შედეგად დღე-ღამეში 79 ადამიანი გარდაიცვალა.
„გასაგები მიზეზების გამო სიკვდილიანობის პიკი კორონავირუსის გავრცელების პიკის პერიოდს ორი–სამი კვირით ჩამორჩება. დღეს ჩვენთან შემთხვევების მკვეთრი ზრდაა. ბუნებრივია, ახლად დაინფიცირებული პაციენტები იმავე დღეს ან ერთ კვირაში კი არ იღუპებიან, არამედ ორი–სამი კვირის შემდეგ. ვფიქრობ, სწორედ ახლაა გარდაცვალების პიკი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 4.031 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე კი დაავადებულთა რაოდენობამ 536 ათასს გადააჭარბა.