თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. დიღმის საველე ჰოსპიტალში ამჟამად პაციენტთა მიღების აუცილებლობა აღარ არსებობს, განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნოდარ ჩიმაკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც ჩიმაკაძემ აღნიშნა, ამ დროისათვის დიღმის საველე ჰოსპიტალში 25-მდე პაციენტია მოთავსებული.
„შეინიშნება მცირედი სტაბილიზაცია. პაციენტთა უმრავლესობის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. დღეს ვგეგმავთ მათ გაწერას, ამის შემდგომ დიღმის საველე ჰოსპიტალი პაციენტებს აღარ მიიღებს და ეს იქნება სარეზერვო ჰოსპიტალი“, – აღნიშნა ჩიმაკაძემ.
მისი ინფორმაციით, სტაციონარული საწოლები არის თავისუფალი, შესაბამისად, არ არის იმის საჭიროება, რომ პაციენტები საველე ჰოსპიტალში მოხვდნენ. საჭიროების შემთხვევაში კი კვლავ მოხდება მისი გამოყენება.
ამჟამად თბილისში საველე ჰოსპიტალი სამ ადგილზეა მოწყობილი – დიღომში, სამგორში და ქავთარაძის ქუჩაზე. დიღმის საველე ჰოსპიტალმა პაციენტების მიღება 18 აგვისტოს დაიწყო, ხოლო ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ჰოსპიტალმა 22 აგვისტოს. სამგორის ჰოსპიტალი ჯერჯერობით დატვირთული არ არის.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 55 ათასამდე აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7 ათასზე მეტი პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 44 ათასზე მეტი პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.031-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 536.202-ს მიაღწია.