თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზადაა, ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტების ფონზე დააკმაყოფილოს სამხედროების ყოველგვარი მოთხოვნა ავღანეთში დამატებითი ძალების გადასროლის შესახებ, რის შესახებაც მან თავად განაცხადა თეთრ სახლში გამოსვლისას.
„მე უკვე ვაცნობე სამხედროებს, რომ თუ მათ დამატებითი ძალები დასჭირდებათ, მე ამას დავეთანხმები“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.
თუმცა, ბაიდენის თქმით, მას უკვე დაუკავშირდნენ შტაბების სარდლობიდან და აცნობეს, რომ ისინი მზად არიან, შეასრულონ მისია ისე, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი.
„ანუ აუცილებელია შეძლებისდაგვარად ბევრი ადამიანის გამოყვანა დადგენილ ვადებში. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მოქმედების საუკეთესო გზაა“, — განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ აშშ შეძლებს მოძებნოს და დასაჯოს ქაბულში მომხდარი ტერაქტების ავტორები „მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების გარეშე“.
მანამდე ქაბულის აეროპორტის სიახლოვეს რამდენიმე აფეთქება მოხდა. ტერორისტმა თავი აიფეთქა სასტუმრო Baron Hotel-თან, სადაც უცხოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მეორე აფეთქება ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოხდა. ტერაქტების შედეგად დაშავებულია 1338 კაცი, დაღუპულია 100 კაცი, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო. „თალიბანის“ განცხადებით, აფეთქებებს მათი მოძრაობის 28 წევრიც ემსხვერპლა.
მასმედიის ინფორმაციით, ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რაც შეეხება რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“, მან ვერ დაასახელა აფეთქებების ავტორები და, თავის მხრივ, დაგმო ეს შეტევები.