თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება, პროპორციულად მოსალოდნელია 1,3%-ის გარდაცვალება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გაბუნია განმარტავს, რომ კორონავირუსს ბუნებრივად ახასიათებს მაღალი სიკვდილობა, ამის პრევენციისთვის კი მედიცინამ გამოსავალი ჯერ ვერ მოძებნა.
„საუბედუროდ, თუ პაციენტის მკურნალობა დაყოვნებულია, მძიმეა, ან იმყოფება ხანგრძლივ ჰოსპიტალურ მკურნალობაზე, ასეთ შემთხვევებში გამოსავალი ხშირად არის არაკეთილსაიმედო“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მან ასევე ინფიცირების ყოველდღიურ სტატისტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულწილად სტაბილიზაციის ნიშნები არის, პოზიტიური სტატისტიკა კი ვაქცინაციის პროცესსა და რეგულაციების დაცვაზეა დამოკიდებული.
„დღეს ახალი ინფიცირების შემთხვევები შედარებით დაბალი იყო, ეს არის გარკვეულწილად სტაბილიზაციის ნიშანი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პრევენციული ზომების დაცვა და ვაქცინაცია. ის, რომ ინფიცირების დონე შენარჩუნდება, ამისი მოლოდინი გვაქვს, მაგრამ კლება იქნება ძალიან ნელი“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გუშინ, 25 აგვისტოს ქვეყანაში 26.700 აცრა ჩატარდა, რაც, გაბუნიას განმარტებით, დაბალი მაჩვენებელია. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, მაქსიმალურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 532.171-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 79 ადამიანი – ეს ანტირეკორდია, რომელიც საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა. დღემდე კორონავირუსით სულ გარდაცვლილია 7.028 პირი.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო. ამ დროისათვის სრულად, ორჯერადად ვაქცინირებულია 331.736 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 11,6%.