თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. აცრის მსურველები 27 აგვისტოდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის პირველ დოზაზე ჯავშნის გაკეთებას დროებით ვეღარ შეძლებენ, ნათქვამია საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციის თანახმად, ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეიზღუდება პრეპარატის დამატებითი დოზების შემოტანამდე. Sinopharm-ზე რეგისტრაცია შეწყდება როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგის მეშვეობით.
ცენტრის ცნობით, შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი უკვე გააკეთა. ამასთან, Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით მოქალაქეების აცრა შეუფერხებლად გაგრძელდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცრის ჩატარების მსურველ მოქალაქეებს მოუწოდებენ, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჯავშნის გაკეთება და აცრა Pfizer-ის, AstraZeneca-სა და Sinovac-ის ვაქცინებით ჩაიტარონ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დღემდე საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეეძლოთ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 26 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1,065.848 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 331.736 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 11,6%-ს შეადგენს. 25 აგვისტოს აიცრა 26.700 ადამიანი.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიას მხოლოდ საყოველთაო ვაქცინაცია, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა დაამარცხებს, ამიტომ ისინი მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ და დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებენ.