თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ქაბულის აეროპორტის შესასვლელთან აფეთქება მოხდა, იუწყება CNN.
ინფორმაცია აეროპორტთან აფეთქების შესახებ პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ დაადასტურა.
თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ეს იყო თვითმკვლელის შეტევა და აეროპორტთან სროლაც ატყდა. ადგილობრივი მედიასაშუალებები სულ მცირე 13 დაღუპულის და რამდენიმე დაშავებულის შესახებ იუწყებიან, მათ შორის არის სამი ამერიკელი სამხედრო. არსებობს მეორე აფეთქების საფრთხეც.
რამდენიმე საათით ადრე დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ჯეიმს ჰეპიმ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები ქაბულის აეროპორტზე იერიშს ამზადებენ. მისი თქმით, ეს უკავშირდება იმას, რომ ევაკუაციის 31 აგვისტოს დასრულების გამო აეროპორტში სულ უფრო ბევრი ხალხი გროვდება.
აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დარულებულია და რომ ქვეყნის მმართველობის ფორმა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.
ერთადერთი ადგილი, რომელშიც თალიბებმა შესვლა ვერ მოახერხეს − პანჯშირის პროვინციაა, სადაც იმყოფებიან რაზმები აჰმად მასუდის მეთაურობით.
ამ დროისათვის ავღანეთიდან ყველა სახმელეთო გასასვლელს თალიბები აკონტროლებენ, ხოლო ქაბულის აეროპორტი ჯერჯერობით ამერიკელი და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების სამხედროების ხელშია. ამ აეროპორტიდან ხორციელდება უცხოელებისა თუ ქვეყნიდან წასვლის მსურველი ავღანელების ევაკუაცია. თალიბები აცხადებენ, რომ არ აპირებენ 31 აგვისტოს შემდეგაც გაუხანგრძლივონ ამერიკელებს ევაკუაციის ვადა.