მაჭავარიანის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

მაჭავარიანის ქუჩაზე ამ ეტაპზე ასფალტის საფარის მხოლოდ ქვედა ფენები მოეწყო, ფერდის გამაგრების სამუშაოების შემდეგ კი გზის რეაბილიტაცია დასრულდება, აღნიშნა თბილისის მერმა.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. თბილისში მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზა გახსნილია და მოძრაობა ორმხრივად აღდგა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მიმდინარე წლის 15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი–ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები.
კალაძე: მგზავრობა იქნება უსაფრთხო - ხვალიდან მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა აღდგება
კალაძემ აღნიშნა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე სამუშაოების ნაწილი დამთავრებულია და საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. ამჟამად მოწყობილია ასფალტის საფარის ქვედა ფენები, გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გზაზე ასფალტის ზედა ფენაც დაიგება.
„დაგებულია ასფალტის ქვედა ფენები. სანამ ფერდზე დარჩენილი სამუშაოები მიმდინარეობს, ეს გზა იქნება ამ მდგომარეობაში. როდესაც სამუშაოები დასრულდება და მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება, დაიგება ასფალტის ზედა ფენაც. იქამდე კი ორმხრივი მოძრაობა აღდგენილია“, – განაცხადა კალაძემ.
მეწყრული პროცესების შესასწავლად საქართველოში გერმანელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ
დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ამ გზაზე გადაადგილება ავტოტრანსპორტისთვის უკვე უსაფრთხოა. მან მადლობა გადაუხადა ადგილობრივ და გერმანიიდან მოწვეულ სპეციალისტებს, რომლებმაც ერთობლივად იმუშავეს მეწყრული პროცესის შესაჩერებლად.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე თბილისის მერიამ გერმანელ ექსპერტებთან კოორდინაციით რიგი სერიოზული გამაგრებითი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები შეჩერდა.