თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ქუთაისში 26 წლის კოვიდინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ორსული თავდაპირველად ბათუმის სამშობიარო სახლში იყო მოთავსებული. საკეისრო კვეთის შემდეგ, როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, იგი ბათუმიდან ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გადაიყვანეს.
როგორც კლინიკა „ბომონდში“ აცხადებენ, მათთან შეყვანისას ქალს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა და ფილტვის ქსოვილის დიდი ნაწილი დაზიანებული ჰქონდა. მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, ახალშობილი თავს კარგად გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კლინიკა „ბომონდში“ ტრაგიკულად დასრულდა კოვიდინფექციის შემთხვევა 18 აგვისტოსაც – კორონავირუსმა შვიდი თვის ორსული იმსხვერპლა. მანამდე, 10 აგვისტოს კვლავ კლინიკა „ბომონდში" კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა. ასევე ქუთაისში კორონავირუსის გართულების ფონზე ნაყოფი დაეღუპა 31 წლის ორსულს.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 532.171-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 79 ადამიანი. დღემდე კორონავირუსით სულ გარდაცვლილია 7.028 პირი.