თბილისი, 26 აგვისტო − Sputnik. მსოფლიო საზოგადოება უახლოესი სამი თვის განმავლობაში ახალი პანდემიისთვის უნდა მოემზადოს, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ორგანიზაციის Twitter-აკაუნტზე გადაიცემოდა.
„მომდევნო სამი თვე კრიტიკული პერიოდი იქნება მომავალი პანდემიისთვის მოსამზადებლად და მასზე რეაგირების ღონისძიებების ორგანიზებისთვის“, − აღნიშნა მან.
როგორც ჯანმოს დირექტორმა აღნიშნა, მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებებისა და სიკვდილიანობის მიხედვით სიტუაცია დასტაბილურდა, „მაგრამ ეს სტაბილიზაცია ძალიან მაღალ დონეზეა შენარჩუნებული − დაავადების 4,5 მლნ შემთხვევა და 68 ათასი გარდაცვლილი“.
მანამდე, 14 აგვისტოს ჯანმოში განაცხადეს, რომ ბავშვთა შორის ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში იზრდება. ეს განსაკუთრებით შეინიშნება იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლებია. ორგანიზაციის სპეციალისტების განმარტებით, ეს ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ სახელმწიფოები უფროსი ასაკობრივი ჯგუფების აცრებზე იყვნენ კონცენტრირებული და არა უმცროსი ასაკისა.