დასახელდა ქუთაისის აეროპორტამდე რკინიგზის ამოქმედების ვადები

ქუთაისის აეროპორტი ქალაქის რკინიგზის სადგურს დაუკავშირდება და მგზავრები აეროპორტამდე მისვლას მატარებლით შეძლებენ.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. მატარებლები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის რკინიგზის სადგურამდე მიმდინარე წლის შემოდგომიდან ივლიან, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
ქუთაისში რკინიგზის სამკილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალამდე მატარებლით მგზავრობის საშუალებას მისცემს, 2017 წელს დაიწყო.

„ქუთაისის აეროპორტი რკინიგზის სადგურს მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაუკავშირდება და პირველ მგზავრებს მიიღებს. სადგური, რომელიც მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება როგორც ქუთაისისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის და მოსახლეობისთვის, ხელს შეუწყობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მობილობის ზრდას და მოგზაურებს აეროპორტთან წვდომას გაუადვილებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პოპულარობით მეორე აეროპორტია საქართველოში, რადგან იქიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ავიარეისებს ბიუჯეტური ავიაკომპანიები ასრულებენ. ამჟამად ქუთაისის აეროპორტამდე მისვლა ავტობუსით და მიკროავტობუსითაა შესაძლებელი.
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 50 პროცენტით აღდგა
2020 წელს ქუთაისის აეროპორტი მოემსახურა 183,9 ათას მგზავრს. პანდემიამდე, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 873,6 ათას მგზავრს შეადგენდა.