თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამოფარიკავეები ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდნენ.
ირმა ხეცურიანმა, რომელიც პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის მედროშეა, საკვალიფიკაციო ეტაპზე ხუთიდან სამ შეხვედრაში იმარჯვა და პირდაპირ მეოთხედფინალში გადავიდა, სადაც იტალიელი როსანა პასკინო 15:14 დაამარცხა. ფინალური საგზურის მოსაპოვებლად ხეცურიანი ჩინელ პარამოფარიკავე შუმაი ტანის შეხვდება.
ნინა თიბილაშვილს რაც შეეხება, მან საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი შეხვედრიდან ორი მოიგო და მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა. ძირითადი ბადის პირველ ეტაპზე მან იტალიელი ლორედანა ტრიგილია დაამარცხა ანგარიშით 15:9, მეოთხედფინალში კი უკრაინელი ნატალია მორკვიჩის ბარიერი დაძლია (15:13). ნახევარფინალში თიბილაშვილის მეტოქე კვლავ უკრაინელი სპორტსმენი ევგენია ბრეუსი იქნება.
ტოკიოს პარალიმპიადაზე საქართველო სპორტის ექვს სახეობაში 13 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ქართველი პარასპორტსმენები იასპარეზებენ ეტლით ფარიკაობაში, პარაძიუდოში, პარაწოლჭიმში, პარაცურვაში, პარასროლაში და პარამძლეოსნობაში.
ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში ტარდება და მასში მონაწილეობას 162 ქვეყნის დაახლოებით 4.500 სპორტსმენი იღებს. პარალიმპიადაზე პირველად იასპარეზებენ ბუტანის, გრენადის, მალდივის, პარაგვაისა და სენტ-ვინსენტი და გრენადინების პარასპორტსმენები.