სუსმა პანკისში დაკავებულთა ბრალეულობის დამამტკიცებელი ვიდეო გამოაქვეყნა

უწყების ინფორმაციით, ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას ახდენდნენ.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო— Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გამოაქვეყნა ოპერატიული მასალები, რომლებიც ამტკიცებს პანკისში დაკავებულების ბრალეულობას „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
პანკისის ხეობის ხუთი მკვიდრის დაკავების შესახებ სუსმა სამშაბათს განაცხადა. დღეს მათ ბრალდება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის მუხლით წაუყენეს.
კერძოდ, დუისში მცხოვრები უსუფ ცათიაშვილს ბრალი ტერორისტულ ორგანიზაციასთან გაერთიანების და დახმარების ბრალდებით წაუყენეს, რაც 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, დანარჩენ ოთხ პირს კი ბრალი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის წარედგინა, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ვიდეო შედგება სამი კომპონენტისგან: ტერორისტების წინაშე ერთგულების ფიცის დადების ვიდეოკადრები, სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები და კადრები, რომლებიც ადასტურებს, რომ დაკავებულები ღიად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას.
სუსი: პანკისში დაკავებულები „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანდნენ
სატელეფონო საუბრისას იგეგმებოდა საქართველოდან სირიაში მდებარე ტერორისტების ბანაკში გამგზავრება. ერთ-ერთი მოსაუბრე დახმარებას აღუთქვამს გამგზავრებაში და დეტალურად განიხილავს მარშრუტს ბანაკამდე თურქეთის გავლით და ამბობს, რომ მალე მათი საქართველოდან გადაყვანა მოხდებოდა.
ეს მასალები ამყარებს გამოძიების ინფორმაციას, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეები „ისლამურ სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდნენ და სირიაში ტერორისტულ ბანაკში გამგზავრებას გეგმავდნენ.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულებმა დადეს ერთგულების ფიცი, რისი ამსახველი ვიდეოჩანაწერიც ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებს შორის გაავრცელეს.
გარდა ამისა, დადგინდა, რომ ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას.
გამოძიების შედეგად გამოვლინდა ჯგუფის ლიდერიც, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ე.წ. ემირი.
მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიტიკაში მიდის
გამოძიების მონაცემებით, დაჯგუფების წევრებმა არაერთხელ მოაწყვეს კონსპირაციული შეხვედრა, სადაც განიხილავდნენ სირიასა და ერაყში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან დაკავშირებულ გეგმებს.
2012 წლიდან სირიასა და ერაყში დაიღუპა 30-ზე მეტი პანკისის მკვიდრი, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. მათგან ყველაზე ცნობილი თარხან ბათირაშვილი იყო. თავის დროზე შეერთებულმა შტატებმა 5 მილიონი დოლარი დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ბათირაშვილის კვალზე გაიყვანდა.
ბათირაშვილი 2016 წლის ივლისის დასაწყისში ერაყში ბრძოლების დროს დაიღუპა.