თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კვალდაკვალ გამოაქვეყნა თავისი შიდა კვლევის შედეგები, რომელთა თანახმად, ოპოზიცია არჩევნებში იმარჯვებს.
ოპოზიციის გამოკითხვა 5-11 აგვისტოს საქართველოს ოთხ ქალაქში – რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში ჩატარდა. გამოიკითხა 600 ადამიანი.
გამოკითხვის თანახმად, თელავსა და რუსთავში ოპოზიციას მხარს უჭერს ამომრჩევლების 47%, ქუთაისსა და ბათუმში – 49%. აქ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, შესაბამისად, 25% და 27%. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი შესაბამისად – 21% და 25%.
როგორც გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, რესპონდენტებმა, რომლებმაც უარი თქვეს კონკრეტული პარტიების დასახელებაზე, მაინც აღნიშნეს, რომ არჩევნებში მხარს ოპოზიციურ ძალას დაუჭერენ. ასეთი გამოკითხულთა 70% აღმოჩნდა.
ციფრების პარადოქსი
საკუთარი კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ მმართველმა ძალამაც გამოაქვეყნა. გამოკითხვა ქუთაისში ჩატარდა.
შედეგების თანახმად, „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს 44,7%, ოპოზიციას – 54,9%, ამასთან კონკრეტულად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 32,6%.
„ნაცმოძრაობის“ გამოკითხვის მიხედვით, იმავე ქალაქში „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს 26%, ოპოზიციას – 49%, კერძოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 23%.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.