თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
ტოკიოს პარალიმპიადაზე საქართველო სპორტის ექვს სახეობაში 13 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ქართველი პარასპორტსმენები იასპარეზებენ შემდეგ სახეობებში: ეტლით ფარიკაობა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი, პარაცურვა, პარასროლა, პარამძლეოსნობა.
გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციიდან პარალიმპიური თამაშების მედროშე პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი იქნება. ოლიმპიადის დაწყებამდე ქართველმა პარასპორტსმენებმა მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრება ტოკუშიმას პრეფექტურაში გაიარეს.
ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 162 ქვეყნის დაახლოებით 4.500 სპორტსმენი მიიღებს. პარალიმპიადაზე პირველად იასპარეზებენ ბუტანის, გრენადის, მალდივის, პარაგვაისა და სენტ-ვინსენტი და გრენადინების პარასპორტსმენები.