თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა და სირიაში, ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას გეგმავდა, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის ორ სოფელში ქორეთსა და დუისში სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩაატარეს. სპეცოპერაციის შედეგად ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულებმა, ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან.
„ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი.
„ზემოხსენებული პირები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს", – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა ან ხელმძღვანელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი აწარმოებს.
დაკავებულთა ოჯახების წევრები მათ კავშირს ტერორიზმთან გამორიცხავენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმებიან.